XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960): „This work was supported by Shota Rustaveli National Science Foundation of Georgia (SRNSFG) [grant number № SP-23-895]“

Authors

Imeri Basiladze
Lela Tavdgiridze

Synopsis

თანამედროვე განათლების პოლიტიკის ძირითად პრინციპს წარმოადგენს განათლების ჰუმანიზაცია და თავისუფალი, სოციალურად აქტიური, შემოქმედებითი პიროვნების აღზრდა, რომელიც იზიარებს დემოკრატიულ იდეალებს, არის დამოუკიდებელი, პასუხისმგებ-ლობის გრძნობით აღჭურვილი და პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული. მომავალი თაობის განვითარებისა და სრულქმნის პროცესი უპირობოდ ეყრდნობა მემკვიდრეობის პრინციპს, რაც ეროვნული ინტერესების და ზოგადსაკაცობრიო ღირებულებების ღრმა პატივისცემას გულისმობს. საქართველოს, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინსვლა მჭიდროდ დაკავშირებულია განათლების ევროპულ სისტემასთან. ქართული საგანმანათლებლო სისტემის მი-ერთება ბოლონიის პროცესთან, ქართველი ერის შეუქცევად სწრაფვას ევროპისაკენ, თან უნდა სდევდეს ქვეყანაში მაღალგანვითარებული განათლების ევროპული სისტემის შექმნა, რაც დაფუძნებული უნდა იყოს წარსულში მიღებული გამოცდილებების გაანალიზებასა და გათვალისწინებაზე, სადაც ბუნებრივია თავისი წვლილი უნდა შეიტანოს ეროვნული სკოლის ჩამოყალიბებამაც, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს ეროვნული იდეოლოგიის ერთ-ერთ მყარ და ფუნდამენტურ საფუძველს. ნაშრომში თავმოყრილი, შესწავლილი და შეფასებულია საქართველოში XX საუკუნის პირველ ნახევარში დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორია, სწავლა/სწავლების ახალი იდეების შემოსვლის, ჰუმანური პედაგოგიკის ჩამოყალიბება - დამკვიდრების მცდელობის საკითხები. განხილულია მეოცე საუკუნის ქართული პედაგოგიური აზროვნების გამოჩენილი წარმომადგენლების: დ. უზნაძის, ლ. ბოცვაძის, გ. თავზიშვილის, შ. სიხარულიძის, დ. ყიფში-ძის, გ. გოგუაძის, დ. ლორთქიფანიძის და სხვათა შეხედულებები, კვლევები განათლების, აღზრდისა და სწავლა/სწავლების საკითხებზე და შედარებულია ქვეყანაში მიმდინარე განათლების პოლიტიკის ცალკეულ მიმართულებებთან. დღემდე, ასე სისტემურად არ ყოფილა გაანალიზებული ქართული პედაგოგიკური აზროვნებისა და განათლების ისტორია საბჭოური იდეოლოგიის მარწუხებში, კერძოდ - საბჭოთა მემკვიდრეობა და მისი გავლენა მე-20 საუკუნის დიდაქტიკაზე. მონოგრაფიაში წარმოდგენილია საბჭოთა პედაგოგიკური აზრის ჩამოყალიბება და დაფუძნება საქართველოში; სწავლების ორგანიზაციის ფორმები მეოცე საუკუნის ქართულ დიდაქტიკურ აზროვნებაში; შეფასების ფორმები და მეთოდები, სწავლების მეთოდები, განხილულია საბჭოთა პედაგოგიკის სახელმძღვანელო წიგნები და თანამედ-როვე გამოწვევები. ნაშრომი წარმოადგენს ამ საკითხების მონოგრაფიულად შესწავლის და ერთ სისტემაში მოყვანის პირველ ცდას და გარკვეულად ავსებს არსებულ ხარვეზს. მონოგრაფიაში განხილული მასალები, იდენტიფიცირებული პრობლემები, მათი გადაჭრის გზები და რეკომენდაციები მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს მე-20 საუკუნის პირველი ნახევრის ქართული დიდაქტიკის აზრის განვითარებაში, წარმოაჩენს ქართული პედაგოგიკის წვლილს დიდაქტიკური თეორიისა და ისტორიის სრულყოფის საქმეში. გვსურს მადლობა გამოვხატოთ სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მიმართ, რომელმაც საშუალება მოგვცა 2023 წლის „საგამომცემლო სახელმწიფო სამეცნიერო გრანტების შესახებ სახელმწიფო საგრანტო კონკურსის“ ფარგლებში (გრანტი № SP-23-895) შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის ფინანსური მხარდაჭერით დაგვებეჭდა და გამოგვეცა მონოგრაფია „XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960)“ და ხელმისაწვდომი გაგვეხადა განათლების ისტორიის მკვლევრების, საქართველოს საგანმანათლებლო დაწესებულებების, განათლების პროგრამების სტუდენტებისა და ამ სფეროთი დაინტერესებული პირებისათვის. სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის დაფინანსებით გამოცემული მონოგრაფია „XX საუკუნის ქართული დიდაქტიკური აზროვნების განვითარების ისტორიის საკითხები (1900-1960)“, ელექტრონული ვერსია, PDF ღია ფაილი მიეწო-დება საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებს, განათლების სამინისტროს, სკოლებს, რესურს ცენტრებს, ციფრულ ბიბლიოთეკებს, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს, აჭარის განათლების ფონდს. დიდი მადლობა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის დისერტანტებს, პროფესორებს, კოლეგებს, ფსიქოლოგებს, ვინც გაგვიზიარა მათ ხელთ არსებული ინფორმაცია, კვლევა, საარქივო მასალა, აქტიურად ჩაერთვნენ წიგნის მომზადების საქმეში და საშუალება მოგვცეს გაგვემდიდრებინა პედაგოგიკის ისტორია XX საუკუნის პირველი ნახევრის ქართული დიდაქტიკური აზროვნების საკითხებით. მადლიერება გვინდა გამოვხატოთ წიგნის რედაქტორების, ტექნიკური რედაქტორის, რეცენზენტების, მხატვარ-დიზაინერის, გამომცემლობის მიმართ. ვიმედოვნებთ, მკითხველი გაგებით მოეკიდება წიგნში გაპარულ უზუსტობებსა და ხარვეზებს. დიდი სიამოვნებით მივიღებთ და გავითვალისწინებთ ყველა საქმიან რჩევას.

Downloads

Download data is not yet available.

Downloads

Published

June 4, 2024